სერვისები
საკორპორაციო ტრანზაქციები
კონსეს პრაქტიკა საკორპორაციო ტრანზაქციების განხორციელების მიმართულებით არის მრავალხმრივი და მოიცავს ყველა მნიშვნელოვან საკორპორაციო ტრანზაქციას ან/და საკორპორაციო სამართლებრივ საკითხს, რომელიც შესაძლოა ბიზნესს დასჭირდეს ყოველდღიურ საქმიანობაში ან განსაკუთრებული გარიგებების განხორციელებისას.
ჩვენ კლიენტებს ვეხმარებით საკორპორაციო ტრანზაქციების სწორად სტრუქტურირებაში და დროულად განხორციელებაში. აგრეთვე, ვუწევთ სამართლებრივ კონსულტაციებს ტრანზაქციის ფარგლებში გასათვალისწინებელ ყველა პრაქტიკულ საკითხთან დაკავშირებით.
აღნიშნული მიმართულებით ჩვენს პრაქტიკაში ყველაზე აქტუალური ტრანზაქციები და შეთანხმებები:
- ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიათა შერწყმის, წილის ან აქტივების შეძენის ან/და ერთობლივი საქმიანობის ტრანზაქციები;
- კომპანიის ფორმირება და სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა;
- კორპორატიული მართვა, პარტნიორთა უფლებები და მათი დაცვის მექანიზმების შემუშავება;
- რეორგანიზაცია, გამოყოფა, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ლიკვიდაცია;
- პარტნიორთა შეთანხმებები, კორპორატიულ მართვასთან დაკავშირებული შეთანხმებები;
- ანგარიშგების ვალდებულებისა და საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- სამართლებრივი შემოწმება და შედეგების ინტეგრირება ტრანზაქციებში;
- ოფშორულ ზონებში რეგისტრაციები.
კომერციული ტრანზაქციები
ჩვენი პრაქტიკა კომერციული სამართლის მიმართულებით მოიცავს ადგილობრივი და საერთაშორისო კომერციული ტრანზაქციების განხორციელებას, ასევე სხვადასხვა ინდუსტრიაში ოპერირებადი კლიენტებისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევას მოლაპარაკებების პროცესში და კომერციული ხელშეკრულებების შედგენაში.
ჩვენ კლიენტებს კონსულტაციებს ვუწევთ კომერციული გარიგებებისა და ხელშეკრულებების დადების მთლიან პროცესში, რომელიც მოიცავს მოლაპარაკებებისა და გარიგების პირველად სტრუქტურირებას, მოსამზადებელი ეტაპის ორგანიზებასა და საჭირო შეთანხმებების შედგენას, სამართლებრივი შემოწმების კოორდინირებას, ტრანზაქციათა დოკუმენტირებასა და დასკვნითი ეტაპის მენეჯმენტს.
ამ მიმართულებით ჩვენი სპეციფიური გამოცდილება და სექტორული აღქმა უზრუნველყოფს ტრანზაქციათა სასურველი შედეგების მაქსიმალურ ზრდასა და მათ ეფექტურ დაცვას მოსალოდნელი რისკებისგან.
ჩვენ ვცდილობთ თითეული ტრანზაქცია და მასთან დაკავშირებული პრაქტიკის ყველა სფერო შევაფასოთ ფართო სპექტრით და მოვიცვათ სამართლის სხვა დაკავშირებული დარგებიც იმ მოცულობით, რაც არსებითად აუცილებელია გარიგების დადებისათვის.
აღნიშნული მიმართულებით ჩვენს პრაქტიკაში ყველაზე აქტუალური ტრანზაქციები და შეთანხმებები
- საერთაშორისო ნასყიდობის ტრანზაქციები;
- საერთაშორისო გადაზიდვის ტრანზაქციები;
- მომსახურების მიწოდების ტრანზაქციები;
- შეთანხმებები ზიანის ანაზღაურებაზე/ზიანისგან დაცვაზე;
- ლიზინგის ხელშეკრულებები;
- სადაზღვევო ხელშეკრულებები;
- ფრენჩაიზინგის ხელშეკრულებები;
- პროდუქტის უსაფრთხოება და მწარმოებლის პასუხისმგებლობები;
- კონფიდენციალურობის შეთანხმებები;
- წინარე ხელშეკრულებები;
- ციფრულ კომერციასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები და გარიგებები;
- საგადახდო მომსახურების ხელშეკრულებები;
- სავაჭრო გარიგებების ფინანსირებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები და გარიგებები;
- ქვეკონტრაქტირებასთან დაკავშირებული გარიგებები;
- აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებები;
- პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიის ხელშეკრულებები;
- ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი;
- საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულებები;
- ვებ-გვერდის გამოყენების წესები და პირობები.
ლიცენზიები, ნებართვები და ავტორიზაციები
პირს შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი სამეწარმეო ან არასამეწარმეო/არაკომერციული საქმიანობა, თუ აღნიშნული არ არის აკრძალული შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით. კანონით დაშვებული ზოგიერთი საქმიანობების განხორციელებისთვის კი აუცილებელია შესაბამისი ლიცენზიის, ნებართვის ან ავტორიზაციის/რეგისტრაციის მოპოვება კანონით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოსგან.
ბიზნეს იდეის ჩამოყალიბების ეტაპზე, უნდა შეფასდეს, პირისთვის საინტერესო საქმიანობა საჭიროებს თუ არა რაიმე ლიცენზიას, ნებართვას ან ავტორიზაციას. ლიცენზიის, ნებართვის ან ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა მიიჩნევა უკანონო საქმიანობად, რისთვისაც პირს შესაძლოა დაეკისროს ადმინისტრაციული ან/და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოკვლეულ უნდა იქნას, თუ რა სახის მოთხოვნები და ვალდებულებები არსებობს ლიცენზირებას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიმართ და რამდენად შეუძლია დაინტერესებულ პირს აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
შემდგომ ეტაპზე უნდა მომზადდეს ლიცენზიის, ნებართვის ან ავტორიზაციის მისაღებად საჭირო ყველა დოკუმენტი და წარედგინოს შესაბამის ორგანოს გადაწყვეტილების მისაღებად. უარყოფითი გადაწყვეტილება შესაძლოა გასაჩივრდეს ადმინისტრაციული ან/და სასამართლო წესით.
კონსეს გამოცდილება
კონსეს გუნდს აქვს გამოცდილება შემდეგი სახის ლიცენზიების, ნებართვებისა თუ ავტორიზაციების მიღებასთან ან მათ საკანონმდებლო მოთხოვნების მოკვლევასთან დაკავშირებით:
- ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში არსებული ავტორიზებადი საქმიანობები, რომელზეც შესაბამის ავტორიზაციას გასცემს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
- საგადახდო მომსახურება, რომელზეც პირის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი;
- სათამაშო ბიზნესის ნებართვა, რომელსაც საქართველოში გასცემს შემოსავლების სამსახური;
- სათამაშო ბიზნესის ლიცენზია ოფშორულ იურისდიქციებში.
კონსეს ასევე აქვს გამოცდილება სამართლებრივი დახმარება გაუწიოს სხვა ინდუსტრიებში საქმიანობის განმახორციელებელ კლიენტებს საქმიანობისა და სარგებლობის ლიცენზიების, ასევე ნებართვების მოპოვების პროცესში.
რეგულაციებთან შესაბამისობა
რეგულირებას დაქვემდებარებული საქმიანობა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შესაბამისი ნებართვის, ლიცენზიის ან ავტორიზაციის/რეგისტრაციის საფუძველზე. რეგულირებას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია თავისი საქმიანობა განახორციელოს რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით.
რეგულაციებთან შესაბამისობა შესაძლოა მოიცავდეს ნორმატიული მოთხოვნების ასახვას ხელშეკრულებებში, პერიოდულ წერილობით ანგარიშგებას მარეგულირებლის წინაშე, საქმიანობის ყველა მიმართულების ორგანიზებასა და განხორციელებას რეგულაციების გათვალისწინებითა და დაცვით. რეგულირებულ სფეროში მარეგულირებელს, თავისი დისკრეციის ფარგლებში, ხშირად აქვს კითხვები რეგულირებას დაქვემდებარებული პირის მიმართ, ასევე გასცემს მითითებებს, რაზეც აუცილებელია დასაბუთებული პასუხის ან პოზიციის მომზადება და მხარის ინტერესების დაცვა.
რეგულაციებთან შესაბამისობა ასევე გულისხმობს მარეგულირებელ ორგანოსთან ეფექტურ და ხშირ კომუნიკაციას, რაც მინიმუმამდე ამცირებს დადგენილი რეგულაციის არასწორად აღქმის შემთხვევებს.
რეგულირებადი საქმიანობის განხორცილების დროს შესაძლოა წარმოიშვას დავა მარეგულირებელი ორგანოს წინაშე თავად მარეგულირებლის ინიციატივით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის/საჩივრის საფუძველზე. კლიენტის სათანადოდ და კვალიფიციურ დონეზე წარმომადგენლობისთვის აუცილებელია ბიზნესის სპეციფიკის ცოდნა და შესაბამის რეგულირებად სფეროში იურიდიული გამოცდილების ქონა.
კონსეს გამოცდილება
კონსე უზრუნველყოფს განგრძობადი ხასიათის სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას საქართველოში მკაცრად რეგულირებული ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისთვის. გარდა ამისა, კონსეს გუნდი, უცხოელ აგენტებთან ერთად, მართავს და აორგანიზებს ოფშორული კომპანიის სათამაშო ბიზნესის რეგულაციებთან შესაბამისობას. ჩვენი გამოცდილება ასევე მოიცავს ფინტექის სფეროს, რომლის ფარგლებშიც ვახორციელებთ რეგულაციების მოკვლევას და შესაბამისობის უზრუნველყოფას საგადახდო მომსახურების მიმწოდებელი ან მიწოდების მსურველი კომპანიებისთვის.
საგადასახადო შესაბამისობა
ნებისმიერი გარიგების დადების ან საკორპორაციო სტრუქტურის ჩამოყალიბების ან ცვლილების დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია გადასახადებით დაბეგვრის რეჟიმი. საგადასახადო კომპონენტმა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეცვალოს გარიგების თავდაპირველი შინაარსი, პირობები ან საკორპორაციო სტრუქტურა.
მნიშვნელოვანია, რომ იურისტმა, რომელიც მენეჯმენტთან ერთად გეგმავს და ახორციელებს ტრანზაქციას, განსახილველად წამოჭრას საკითხები, რომლებიც საჭიროებს შეფასებას საგადასახდო შედეგების თვალსაზრისით. სასურველია, აღნიშნული განხორციელდეს ტრანზაქციის დაგეგმვის ადრეულ ეტაპზე, რათა თავიდან იქნას აცილებული თავდაპირველი გეგმის და პირობების ცვლილება, ასევე მინიმუმამდე იქნას დაყვანილი საგადასახადო რისკები და უარყოფითი საგადასახადო შედეგები.
კონსეს გამოცდილება:
ნებისმიერი გარიგების ან სამართლებრივი სტრუქტურირების დაგეგმვისას, კონსეს იურისტები ყოველთვის აფასებენ საკითხს საგადასახადო დაბეგვრის კუთხით. დასკვნითი ანალიზისთვის კი მივმართავთ საგადასახადო სფეროს ექსპერტებს, რათა გამოირიცხოს ან მინიმუმამდე იქნას დაყვანილი არასწორი შეფასების ალბათობა.
კონსეს საქმისწარმოების პრაქტიკა მოიცავს შემდეგ სერვისებს:
- წარმომადგენლობა საერთო სასამართლოებში;
- წარმომადგენლობა საკონსტიტუციო სამართალწარმოებისას;
- წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში;
- წარმომადგენლობა საარბიტრაჟო ინსტიტუტებში;
- დავის გადაწყვეტა ალტერნატიული მეთოდების გამოყენებით.
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების დადებამდე აუცილებელია, რომ გარიგების მხარეები ფლობდნენ სწორ ინფორმაციას გარიგების ნამდვილობისადმი დადგენილი საკანონმდებლო მოთხოვნების შესახებ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მყიდველმა იცოდეს იმ ქონების უფლებრივი მდგომარეობა, რომლის შეძენასაც გეგმავს ტრანზაქციის შედეგად.
გარდა ზემოაღნიშნულისა, არსებობს მთელი რიგი საკანონმდებლო მოთხოვნებისა, რომელთა გამოკვლევაც და გაანალიზებაც აუცილებელია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების დადებამდე.
კონსეს გამოცდილება
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების მომზადება;
- უძრავი ქონების სამართლებრივი სტატუსის დადგენა;
- უძრავი ქონების სრული სამართლებრივი შემოწმება ( ე.წ. „დიუ დილიჯენსი");
- უძრავი ქონების რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება;
- უძრავი ქონების გამოყენება უზრუნველყოფის საშუალებად და შესაბამისი ხელშეკრულებების მომზადება;
- მშენებლობის ნებართვები;
- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეძენა აუქციონის წესით;
- უძრავ ქონებაზე უფლების აღიარების საქმის წარმოება;
- უნებართვო მშენებლობების ლეგალიზების მიზნით საქმისწარმოება;
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სხვა სამართალწარმოებები ადმინისტრაციულ ორგანოებში და სასამართლოში.
შრომის სამართალი
შრომის ბაზრის განვითარებისათვის არსებითად მნიშვნელოვანია, რომ პერსონალის მართვა ეფუძნებოდეს კანონმდებლობასა და მოქმედ სასამართლო პრაქტიკისთან შესაბამის შრომითსამართლებრივ მიდგომებს.
ერთი მხრივ, დამსაქმებელმა უნდა დაიცვას კანონმდებლობით გარანტირებული დასაქმებულთა უფლებები, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში გათვალისწინებულ იქნას თავად დამსაქმებლის გონივრული ინტერესებიც.
აღნიშნული გონივრული ბალანსის მიღწევას, როგორც წესი, უზრუნველყოფს კანონშესაბამისი შრომითსამართლებრივი პოლიტიკის არსებობა კომპანიაში. ამ პროცესში კი, კვალიფიციური იურისტების ჩართულობა არსებითად მნიშვნელოვანია.
კონსეს პრაქტიკა შრომითსამართლებრივ საკითხებში
- კანონმდებლობასა და მოქმედ სასამართლო პრაქტიკისთან შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების, შინაგანაწესის, შრომითი/ადმინისტრაციული გზამკვლევების და სხვა შრომითსამართლებრივი ხასიათი დოკუმენტების მომზადება;
- შრომითსამართლებრივი აუდიტი/შემოწმება (ე.წ. Due Diligence) კომპანიების რეორგანიზაციის პროცესში, რისკების იდენტიფიცირება თანამშრომელთა დათხოვნისა და სხვა კომპანიაში გადაყვანისას;
- შრომითსამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
- დასაქმებულთათვის შრომით უფლებებთან დაკავშირებით სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;
- დასაქმებულის ან/და დამსაქმებლის წარმომადგენლობა სასამართლო დავებში ყველა ინსტანციის სასამართლოში.
ინტელექტუალური საკუთრების სამართალი
ინტელექტუალური საკუთრების სამართალი ფარავს ადამიანის ინტელექტუალური შემოქმედების ყველა ფორმას, როგორიცაა გამოგონება, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებები, დიზაინი, ასევე კომერციულ ინდუსტრიაში გამოყენებული სიმბოლოები, სახელწოდებები და გამოსახულებები. ინტელექტუალური საკუთრების სამართლებრივი დაცვის მექანიზმებია პატენტები, საავტორო უფლებები, უფლებები დიზაინზე და სასაქონლო ნიშნები, რაც ანიჭებს პირს ცნობადობის მოპოვებისა და ფინანსური სარგებლის მიღების შესაძლებლობას გამოგონებებიდან და მის მიერ შექმნილი ნაწარმოებებიდან.
ნაწარმოები მისი შექმნის მომენტიდან დაცულია საავტორო უფლებებით, ხოლო პატენტების, დიზაინისა და სასაქონლო ნიშნების შემთხვევაში, აუცილებელია მათი დარეგისტრირება შესაბამისი იურისდიქციის უფლებამოსილ ორგანოში, რათა მესაკუთრეს მიეცეს ინტელექტუალური საკუთრებიდან გამომდინარე უფლებებით სრულფასოვნად სარგებლობის შესაძლებლობა.
კონსეს გამოცდილება
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენი გამოცდილება მოიცავს შემდეგი სახის მომსახურებებს:
სასაქონლო ნიშნები:
- სასაქონლო ნიშნის ძიება და კონტროლი;
- სასაქონლო ნიშანზე განაცხადის მომზადება, შეტანა და წარმოების ყველა ეტაპის მენეჯმენტი;
- სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის განახლება;
- სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარყოფითი გადაწყვეტილების გასაჩივრება, მესამე პირების მიმართ სასაქონლო ნიშანზე გამოტანილი დადებითი გადაწყვეტილების გასაჩივრება;
- სასაქონლო ნიშნების საბაჟოზე რეგისტრაცია.
დიზაინი:
- დიზაინის განაცხადის მომზადება, შეტანა და წარმოების ყველა ეტაპის მენეჯმენტი;
- დიზაინის რეგისტრაციის განახლება;
- რეგისტრაციაზე უარყოფითი გადაწყვეტილების გასაჩივრება.
დომენური სახელები:
- .ge; .com.ge; .net.ge -ზე დაბოლოებული დომენური სახელების რეგისტრაცია:
- დომენურ სახელთან დაკავშირებული დავის წარმოება.
საავტორო და მომიჯნავე უფლებები:
- პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის ხელშეკრულებების შედგენა;
- მაუწყებლობის ტრანზიტის ხელშეკრულებების შედგენა;
- ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრების სალიცენზიო ხელშეკრულების შედგენა;
- ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშრებული მუხლების ინტეგრირება ნებისმიერი ტიპის ხელშეკრულებაში.
ნებისმიერ ზემოაღნიშნულ საკითხზე კონსე ახორციელებს წარმომადგენლობას საქართველოს საერთო სასამართლოებსა და არბიტრაჟებში.
სრული სამართლებრივი აუთსორსი
სრული სამართლებრივი აუთსორს მომსახურება („აუთსორსი") მოიცავს კლიენტი კომპანიების შიდა იურიდიული დეპარტამენტის სრულად ჩანაცვლებას ან დამატებით, კომპანიის შიდა კორპორატიულ იურისტებთან ერთობლიობაში კლიენტების სამართლებრივი პორტფელის მართვას.
აუთსორსის მომსახურება, როგორც წესი, არის გრძელვადიანი ურთიერთობა კლიენტთან. აუთსორსის დროს ხდება კომპანიის სამართლებრივი შემოწმება, სამართლებრივი რისკების განსაზღვრა, დგება იდენტიფიცირებული პრობლემების გამოსწორების გეგმა და ხდება მისი იმპლემენტაცია.
იურიდიული მრჩეველი ეცნობა კლიენტი კომპანიის ოპერირების სქემას, განვითარების გეგმებს, ინდუსტრიის სპეციფიკას და ხდება მისი ყოველდღიური საქმიანობის სამართლებრივი მხარდამჭერი. აუთსორსის დროს კლიენტს ყავს მუდმივი სამართლებრივი მრჩეველი, რომელიც გეგმავს კომპანიის სამართლებრივი უსაფრთხოების სტრატეგიას, მართავს და ახორიცელებს კლიენტის როგორც მარტივ ყოველდღიურ, ასევე კომპლექსურ სამართლებრივი ტრანზაქციებს, შიდა ან საერთაშორისო დონეზე.
აუთსორსის მომსახურებას გააჩნია რიგი უპირატესობები, რის გამოც კლიენტები ხშირად არჩევენ თავიანთი სამართლებრივი პორტფელის აუთსორ მომსახურებაზე გატანას. კერძოდ, იურიდიული კომპანიის პრაქტიკა და რესურსი არის მრავალმხრივი და მოიცავს იურიდიული მომსახურების კომპლექსურ სპექტრს.
კონსეს გამოცდილება
კონსეს აქვს სრული სამართლებრივი აუთსორს მომსახურების გაწევის დიდი გამოცდილება. ამჟამად, კონსეს გუნდი ემსახურება სატელეკომუნიკაციო, სათამაშო ბიზნესის, ციფრული ტექნოლოგიების, აგრობიზნესის, კვებისა და სასმელების ინდუსტრიის კლიენტებს და ეფექტურად მართავს კომპანიების შიგნით განხორციელებულ ყველა სირთულის გარიგებებს საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე, უზრუნველყოფს მათი საქმიანობის შესაბამისობას მარეგულირებელ კანონმდებლობასთან და ახორციელებს წარმომადგენლობას სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში.
სამართლებრივი დასკვნა
სამართლებრივი დასკვნა არის იურიდიული კომპანიის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სამართლებრივი ხასიათის დასკვნებს და მის მიმღებს ატყობინებს კონკრეტულ გარიგებასთან დაკავშირებული პოტენციური სამართლებრივი რისკების შესახებ. შემდგომში, სამართლებრივი დასკვნის მიმღები აფასებს იმ კონკრეტული გარიგების მიზანშეწონილობას, რომელთან კავშირშიც გაიცა კონკრეტული დასკვნა. სამართლებრივ დასკვნაში მოცემულ მოსაზრებებზე დაყრდნობით შესაძლებელია, რომ დაინტერესებულმა პირმა გადაიფიქროს გარიგების დადება, ან დადოს განსხვავებული პირობებით ან მოითხოვოს დამატებით დაცვის გარანტიები კონკრეტული ვალდებულებების აღებამდე.
როგორც წესი, სამართლებრივი დასკვნები გაიცემა ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებულ საერთაშორისო გარიგებებში, აქტივების ნასყიდობის ან წილის ნასყიდობის ტრანზაქციებში. მაგალითად, ქართულმა იურიდიულმა კომპანიამ შეიძლება გასცეს სამართლებრივი დასკვნა იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა კონკრეტული ვალდებულებები შესრულებადი ქართული კანონმდებლობის საფუძველზე ან მოხდა თუ არა კონკრეტული დოკუმენტების გაფორმება ქართული კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. ტრანზაქციის ტიპიდან გამომდინარე, როგორც წესი, სამართლებრივი დასკვნა მოიცავს საკითხებს, როგორიცაა გარიგებასთან დაკავშირებული კომპანიის უფლებრივი მდგომარეობა და სამართლებრივი სტატუსი, კონკრეტული ვალდებულებების შესრულებადობა, საგადასახადო შეფასებები, მარეგულირებელ კანონმდებლობასთან და იურისდიქციასთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ.
სამართლებრივი მემორანდუმი
სამართლებრივი მემორანდუმი წარმოადგენს სამართლებრივი პრობლემების ანალიზის მომცველ დოკუმენტს. მემორანდუმში მოცემულია კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით იურისტის შეფასებები შესაბამისი დასაბუთებით. სამართლებრივი დასკვნისგან განსხვავებით, რომელიც მტკიცებითში გაცემული განცხადებაა და ითხოვს მეტ კონკრეტიკას და სიზუსტეს, მემორანდუმი უფრო არის სამართლებრივი ტიპის კითხვა-პასუხზე დაფუძნებული, ანალიტიკური დოკუმენტი. მემორანდუმის სტრუქტურა, როგორც წესი, განსხვავდება და დამოკიდებულია მწერლის მიერ არჩეულ სტილზე, თუმცა არსებობს რიგი საკითხებისა, რომელთა შეფასებებსაც აუცილებლად მოიცავს ხოლმე მემორანდუმი, როგორიცაა სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირება, შესაბამისი სამართლებრივი ნორმების ანალიზი და ახსნა, მნიშვნელოვანი ფაქტების შეფარდება და ანალიზი, დასკვნებისა და რეკომენდაციების ჩამოყალიბება.
კონსეს გამოცდილება
კონსეს გააჩნია მნიშვნელოვანი გამოცდილება სამართლებრივი დასკვნებისა და მემორანდუმების გაცემის კუთხით სხვადასხვა ინდუსტრაში ოპერირებადი კომპანიებისთვის. ჩვენ მიერ გაცემული სამართლებრივი დასკვნები და მემორანდუმები ეფუძნება საკითხის სიღრმისეულ კვლევას, ანალიზს და ითვალისწინებს სამართლებრივი წერის საყოველთაოდ აღიარებულ მეთოდიკას და სტილს.
სამართლებრივი შემოწმება
სამართლებრივი გარიგებების წარუმატებლად დასრულების მიზეზი ხშირად არის მყიდველის ან ინვესტორის მხრიდან გარიგების სტრუქტურირების პროცესში მიღებული არაინფორმირებული გადაწყვეტილებები. გარიგებებთან დაკავშირებული პოტენციური სამართლებრივი და კომერციული რისკების თავიდან ასარიდებლად, საუკეთესო გამოსავალია სამართლებრივი შემოწმების განხორციელება.
გარიგების დადების წინ შემოწმებისას კომპანიის საქმიანობა და მდგომარეობა ძირითადად მოწმდება სამართლებრივ, ოპერაციულ და ფინანსურ ნაწილში.
სამართლებრივი შემოწმება გულისხმობს მყიდველის ან ინვესტორის იურისტების მიერ სამიზნე კომპანიის დოკუმენტაციის აუდიტს. სამართლებრივი შემოწმება ხდება გარიგების საწყის, მოლაპარაკების ეტაპზე და მისი მიზანია მოხდეს გარიგებასთან დაკავშირებული არსებითი ხასიათის რისკების იდენტიფიცირება და გამჟღავნება. ამ პროცესის დასრულების შემდგომ, მყიდველს/ინვესტორს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები იმის შესახებ, მოითხოვონ თუ არა რაიმე დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია ან განსაზღვრონ გარიგებასთან დაკავშირებული პირობების ხელახლა მოლაპარაკების საჭიროება. შესაბამისად, სამართლებრივი შემოწმება არის გარიგების განხორციელების კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეტაპი, რადგან სწორედ ამ ეტაპზე ამოწმებს მყიდველი/ინვესტორი ტრანზაქციის მიზანშეწონილობას.
სამართლებრივი შემოწმება ხორციელდება სხვადასხვა ტიპის ტრანზაქციებში. განსაკუთრებით, წილებისა და აქტივების ნასყიდობის, სესხის გაცემის ან კაპიტალის ბაზრის ტრანზაქციებში. იმის მიხედვით, თუ რა ტიპის გარიგებაა სახეზე და რომელ ინდუსტრიაში ოპერირებს კომპანია, მყიდველის/ინვესტორის სამართლებრივი მრჩეველები ადგენენ სამართლებრივი შემოწმების კითხვარს, სადაც ეთითება გარიგებასთან დაკავშირებული ყველა ის მნიშნელოვანი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის გამოკვლევაც უნდა მოხდეს, შემდგომში ხდება ამ ინფორმაციის/დოკუმენტაციის შემოწმება სამართლებრივად, ხოლო შემოწმებისას გაკეთებული დასკვნები აისახება სამართლებრივი შემოწმების რეპორტში. სამართლებრივი შემოწმებისას გამოვლენილი რისკების მინიმალიზირების მიზნით, მყიდველი/ინვესტორი, როგორც წესი, ხელშეკრულების საფუძველზე გამყიდველისგან მოითხოვს რიგი გარანტიებს გაცემას და ზიანისაგან დაცვის საშუალებების ჩართვას ხელშეკრულებაში.
კონსეს გამოცდილება
კონსეს გამოცდილება სამართლებრივი შემოწმებების განხორციელების კუთხით არის მრავალფეროვანი და მოიცავს როგორც მყიდველი/ინვესტორი მხარის, ასევე სამიზნე კომპანიის წარმომადგენლობის გამოცდილებას.
კონსეს მიზანია კლიენტი სრულად აანალიზებდეს გარიგებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ რისკებს და ვალდებულებების აღებამდე ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები.
პრო ბონო სერვისები
ჩვენ გვაქვს მზაობა, მოვახდინოთ საკუთარი დროისა და რესურსის ინვესტირება საზოგადოებრივი სიკეთის შექმნის პროცესში სხვადასხვა პრო ბონო პროექტების განხორციელების გზით.
ჩვენი პრო ბონო საქმიანობა უკავშირდება ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვას, გარემოსდაცვით საკითხებს, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის სასამართლოსა და კანონის უზენაესობაზე ხელმისაწვდომობას.
კონსე მიესალმება პრო ბონო სერვისებით სარგებლობის მსურველ კლიენტებს.