კონსემ ნავთობკომპანია ფრონტერას წინააღმდეგ შრომითი დავა წარმატებით დაასრულა
28 აპრილი 2021იურიდიულმა კომპანია "კონსემ" "მარიკა არევაძის საადვოკატო ჯგუფთან" ერთად ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას" წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში წარმოებული შრომითი დავა მოიგო. სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნები, რომლებიც სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას და სხვა შრომითი უფლებების რეალიზებას უკავშირდებოდა.
დავაში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდა თანამშრომელთა ჯგუფი, რომელიც „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიამ" სამსახურიდან გაათავისუფლა რეორგანიზაციის საფუძვლით.
დავა კომპლექსური იყო ნავთობინდუსტრიის მარეგულირებელი კანონმდებლობის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მოპასუხე პირთა წრის განსაზღვრაზე. კერძოდ, მოსარჩელე მხარე ითხოვდა, რომ სასამართლოს შეეფასებინა სახელმწიფოსა და „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას" ინვესტორ კომპანიას შორის გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება, რის საფუძველზეც, მოსარჩელეთა მოსაზრებით, შემდგომ შესაძლებელი გახდებოდა მოპასუხედ საქმეში ჩართულიყო „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას" ინვესტორი კომპანიაც. სამწუხაროდ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა შუამდგომლობა პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების გამოთხოვაზე, რის გამოც ნავთობინდუსტრიის პრაქტიკაში მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხება საოპერაციო და ინვესტორი კომპანიების პასუხისმგებლობის გამიჯვნას, შეფასების მიღმა დარჩა.
მოსარჩელეთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას საოპერაციო კომპანიის სტატუსის მქონე „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია" მოახდენს.