გუნდი
თამარ ხარაზიშვილი
თამარ ხარაზიშვილი იურიდიული კომპანია კონსეს დამფუძნებელი პარტნიორია. მისი სპეციალიზაციის სფეროებია საკორპორაციო და კომერციული სამართალი, საგადასახადო რეგულაციები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები, შრომით-სამართლებრივი საკითხები, ლიცენზიები, ნებართვები და ავტორიზაციები, რეგულაციებთან შესაბამისობა და ინტელექტუალური საკუთრების სამართალი.
პრაქტიკის სფერო და ინდუსტრიები:
კონსეს დაფუძნებამდე თამარი მისდევდა კერძო პროფესიულ პრაქტიკას, რომლის ფარგლებშიც აწვდიდა იურიდიულ მომსახურებას საინფორმაციო ტექნოლოგიების, ფინტექისა და საერთაშორისო ონლაინ სათამაშო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს. უფრო ადრე, თამარი მუშაობდა იურიდიულ ფირმა "ელ ფი ეი"-ში.
პროფესიული პრაქტიკის ფარგლებში, თამარს მჭიდრო შეხება აქვს ბიზნეს სექტორის კონკრეტულ სფეროებთან, როგორიცაა ელექტრონული კომუნიკაციები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კრიპტოვალუტა და ბლოკჩიენი, ფინტექი და სათამაშო ბიზნესი. კერძოდ, აღნიშნული სფეროების წარმომადგენლებს იგი უწევს სამართლებრივ კონსულტაციებს სალიცენზიო და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის, კომპლექსურ საკორპორაციო და კომერციულ გარიგებებთან და ოპტიმალურ საგადასახადო დაგეგმარებასთან დაკავშირებით.
თამარი მომსახურებას უწევს საქართველოში დაფუძნებულ კლიენტებს მკაცრად რეგულირებული ბიზნეს სექტორებიდან, როგორიცაა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ რეგულირებული ტელეკომ ბიზნესი და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული ფინტექ კომპანიები.
მის პორტფელში შედის კომპლექსური ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს გარიგებების მომზადება და მათთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმართვა, ასევე სხვადასხვა იურისდიქციებში, მათ შორის ოფშორებში, კომპანიების დაფუძნებისა და ლიცენზირების პროცესის მართვა და ზედამხედველობა.
იურიდიული პრაქტიკის სხვადასხვა ეტაპზე, თამარი აქტიურად იყო ჩართული ქართულ ბაზარზე განხორციელებული ორი უდიდესი ტრანზაქციის დაგეგმვასა და განხორციელებაში, რომელთაგან ერთი ეხებოდა უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანიის მთლიანი ბიზნეს ერთეულის ნასყიდობას, ხოლო მეორე - სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის კაპიტალში მთლიანი წილების ნასყიდობას.
თამარი წარმოადგენს ადგილობრივ და უცხოელ კლიენტებს საქართველოს საერთო სასამართლოების ყველა ინსტანციაში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში, ასევე წარმართავს დავებს ადმინისტრაციულ ორგანოებში.
როგორც პატენტრწმუნებული სასაქონლო ნიშნების დარგში, თამარი წარადგენს სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის განაცხადებს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ "საქპატენტში" ადგილობრივი და საერთაშორისო კლიენტების სახელით. თამარი ასევე წარმოადგენს კლიენტებს "საქპატენტის" სააპელაციო პალატაში სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის განაცხადებთან დაკავშირებით.
განათლება:
ბაკალავრის ხარისხი, კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის სამართლის სკოლა (დიპლომი მაღალი მოსწრებით);
მაგისტრის ხარისხი კერძო სამართალში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (დიპლომი მაღალი მოსწრებით).
წევრობა:
2012 წლიდან თამარი არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
იმიტირებული სასამართლოს შეჯიბრებები:
Philip C. Jessup-ის სახელობის საერთაშორისო იმიტირებული სასამართლო პროცესის 2009 და 2010 წლების შეჯიბრებები (ადგილობრივი რაუნდები);
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესის 2009 წლის შეჯიბრი (უკრაინა);
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმიტირებული პროცესის 2010 წლის შეჯიბრი (გამარჯვებული და საუკეთესო გამომსვლელი);
Jean-Pictet-ს სახელობის 2011 წლის შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში (საფრანგეთი).
ენები:
მშობლიური ქართული ენის გარდა, თამარი სრულყოფილად ფლობს ინგლისურს, ხოლო საშუალო დონეზე - რუსულ ენას.